რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ქალაქში კოვიდ19 კიდევ 67 ადამიანს დაუდასტურდა.
52 ახალი შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ლაბორატორიულ კვლევაზე 77 პაციენტის ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც 52-ზე დადებითი პასუხი მოვიდა, მათ შორის კოვიდ19 ცენტრის მედპერსონალსაც დაუდასტურდა. ადამიას თქმით, მას შემდეგ, რაც დიაგნოსტიკურ ცენტრში კოვიდტესტების კეთება დაიწყეს, ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონიათ.
8 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში". ინფექციონისტის მაია როგავას განცხადებით, ინფიცირებულთა შორის 2 კლინიკის თანამსრომელია.
7 ახალი შემთხვევა კი ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა. კლინიკის ინფექციონისტის მაია რაზმაძის თქმით, კოვიდ19-ის ლაბორატორიულ კვლევაზე 12 ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც 7 პაციენტს ვირუსი დაუდასტურდა.