ფოთში "აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
ამის მიზეზი საწარმოს 116 თანამშრომლისთვის კორონავირუსული ინფექციით ინფიცირება გახდა.
"მუშაობის შეჩერება ჩვენ გუშინვე გვქონდა გადაწყვეტილი, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ეპიდომიოლოგები ისევ მუშაობენ ჩვენთან, ყველა პასუხი ჯერ კიდევ არ არის მოსული. ამიტომ, ზუსტ რაოდენობას ვერ გიდასტურებთ. რაც შეეხება სამუშაო პროცესის შეჩერების ხანგრძლივობას, სავარაუდოდ, ერთი კვირით დავიხურებით",-განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ.
ცნობისთვის ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა და 680 ახალი ინფიცირებული შეემატა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 13521 ადამიანი, გამოჯანმრთელდა -7159, გარდაიცვალა -109.