რუსთავში 2 მარშრუტი გაუქმდა

2020-09-23 00:00:11

რუსთავში #2 და #18 მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ტრანსპორტის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა დაჩი გიორგაძემ განუცხადა, მიზეზი მგზავრთა ნაკადის სიმცირე გახდა.

დაჩი გიორგაძის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აღნიშნული სამარშრუტო ხაზები ქალაქში აღარ ოპერირებდნენ, მარშრუტების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება კი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

"ბოლო თვეების განმავლობაში აღარ მოძრაობდნენ ეს მიკროავტობუსები, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრთა ნაკადი არ იყო. მარშრუტების გაუქმება მგზავრების ეტაპობრივად შემცირებამ გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება დღეს არ მიგვიღია, ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით დიდი ხნის განმავლობაში, მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე", - განაცხადა დაჩი გიორგაძემ.

#2 მიკროავტობუსი ცემენტის ქარხნის, #18 მიკროავტობუსი კი ე.წ. სტამბულის ბაზრიდან, მე-18 მიკრორაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები