პატრიოტთა ალიანსის ბანერი ჩამოხიეს [photo]

2020-08-29 19:50:21

გონიოში „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი პროტესტის ნიშნად ჩამოხიეს.

"ეს არის ბანერი, რომელიც არასდროს და აღარასდროს აჭარაში არ იქნება გამოფენილი....

მორჩა "პატრიოტთა ალინასის" მოღალატეობრივი პოლიტიკა, აი ამ ადგილას", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ბანერზე აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად აჭარაც ოკუპირებულ რეგიონად იყო მონიშნული. მასზე ასევე იყო წარწერა: „დაიცავი აჭარა“.

"პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო ბანერს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდშიც.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიას "შმატრიოტები" უწოდა. ხოლო მამუკა მდინარაძემ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული დაკვეთაა.

"სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!",- დაწერა მამუკა მდინარაძემ.

ამ ბანერის გაკვრას სოციალურ ქსელებში ხალხის გაღიზიანებაც მოჰყვა, ისინი წერდნენ, რომ ეს სამარცხვინო  და დანაშაულებრივი ქმედება იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები