2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.
ახლა აბიტურიენტები იმის მოლოდინში არიან თუ რომელ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე გააგრძელებენ სწავლას.
წლევანდელი გამოცდისთვის მოსამზადებელი პერიოდი კორონავირუსის პანდემიის გამო ყველასთვის განსხვავებული აღმოჩნდა. რუსთაველი აბიტურიენტები ამბობენ, რომ პანდემიის დროს მთლიანად კონცენტრირებულები იყვნენ საგამოცდო მასალებზე და მაქსიმალურად ცდილობდნენ, საუკეთესოდ მოემზადებულიყვნენ ეროვნული გამოცდებისთვის და ესახელებინათ როგორც საკუთარი ქალაქი ასევე მშობლიური სკოლა. შედეგმაც გაამართლა და რუსთაველმა ახალგაზრდებმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ყველაზე მაღალი ქულების მქონე TOP5-მა რუსთაველმა აბიტურიენტმა სამომავლო გეგმებზე "ინფო რუსთავთან" ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ პროფესიის არჩევას აბიტურიენტების უმრავლესობა დამამთავრებელ კლასში იწყებს. თუმცა ზოგიერთ მათგანს პროფესია წლების წინ უკვე შერჩეული ჰქონდა.
ანა აბაშიძე #24 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც ქართულსა და ინგლისურში უმაღლესი, 70/70 და 80/80, შეფასებები მიიღო, ხოლო მათემატიკაში 54/59 ქულა.
როგორც ანამ ინფო რუსთავს უთხრა, ის ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებების ფაკულტეტზე აბარებს.
"კონკრეტულად ამ ფაკულტეტით არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ტექნიკური საგნები ყოველთვის მომწონდა, მათემატიკა თუნდაც და კომპიუტერებიც მიზიდავდა. აქამდე არც მქონდა გადაწყვეტილი, რა ფაკულტეტი მინდოდა და წელს გადავწყვიტე რომ ქუთაისის უნივერსიტეტში ჩამებარებინა",- განუცხადა ინფო რუსთავს ანა აბაშიძემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს და მათ შორის იქნება რუსთაველი ანა აბაშიძეც.
ლანა კაპანაძემ მე-20 სკოლაა დაამთავრდა და სამ საგანში მაღალი შეფასებები დაიმსახურა: ქართული 65/70, ინგლისური 80/80, ისტორია 59/60. ლანა ინავნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსი სამართლის ფაკულტეტზე აბარებს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ ის იურისტი უნდა გამხდარიყო.
"სამართალი მაქვს არჩეული, ჯავახიშვილში მინდა ჩავაბარო. რამდენიმე წელია გადავწყვიტე, იმიტომ რომ, ვფიქრობ, ჩემს ხასიათს ეს პროეფესია შეეფერება. ჩემი რამდენიმე ნათესავი იურისტია, თან ბავშვობაშიც უფრო დეტექტიური ჟანრის წიგნებს ვკითხულობდი და თავდაპირველად მაგიტო გამიჩნდა ეგ სურვილი, გამომძიებლობა მინდოდა. მერე ჩამოვყალიბდი და ახლა პროკურორობისკენ უფრო ვიხრები",- უთხრა ინფო რუსთავს ლანა კაპანაძემ.
ქეთი ლომიძე #18 სკოლის კურსდამთავრებულია მისი ქულები ასე გამოიყურება: ქართული 65/70, ინგლსური 80/80, ისტორია 58/60. ქეთის არჩევანი შავი ზღვის უნივერსიტეტია, ხოლო ფაკულტეტი ინგლისური ენის ფილოლოგია.
"შავი ზღვა მაქვს გადაწყვეტილი, თან შიდა 100% გრანტიც მაქვს. ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. საერთოდ ენების სწავლა ძალიან ადვილად გამომდის, ბავშვობიდანვე ჯერ რუსული ტელევიზორით ვისწავლე და მერე ინგლისური კითხვით მასწავლებლებთან სიარულის გარეშე. ძალიან მიყვარს უცხოელებთან კონტაქტი და ვიფიქრე, რომ ან თარჯიმნი ვიქნები ან წიგნების გადავთარგმნი",- უთხრა ინფო რუსთავს ქეთიმ ლომიძემ.
დავით ბენაშვილმა წელს #22 სკოლა დაამთავრა და მან მათემატიკაში 59-დან 59 აიღო. მაღალი შეფასებები ჰქონდა სხვა საგნებშიც, ქართული 64/70, ინგლისური 75/80.
მან არჩევანი თავისუფალ უნივერსიტეტზე შეაჩერა, ხოლო ფაკულტეტი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებებია.
"ორივე საგანი ძალიან მიზიდავს, როგორც მათემატიკა, ასევე კომპიუტერული მეცნიერება. მათემატიკა საერთოდ მიყვარდა. კომპიუტერული მეცნიერება კი ჩემმა ძმამ შემაყვარა. კომპიუტერულ მეცნიერებასთან ასე ათუ ისე მქონია შეხება და ერთ ენაში C++ ვწერდი და ალგორითმებს ვხსნიდი. ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა",- განუცხადა ინფო რუსთავს დავით ბენაშვილმა.
ნინი სებისკვერაძე ანა აბაშიძის მსგავსად #24 სკოლის კურსდამთავრებულია. ნინიმ სამივე საგნის გამოცდაზე მაღალი შეფასებები მიიღო: ქართული 68/70, ინგლისური 76/80, ისტორია 59/60.
ინფო რუსთავთან საუბრისას მან თქვა, რომ სწავლის გაგრძელება თავისუფალ უნივარსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე სურს.
"ყოველთვის ჰუმანიტარული საგნები მაინტერესებდა. მართვა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე კონკრეტულ სფეროს არ ირჩევ, თავმოყრილია ყველაფერი. ჩემი რამდენიმე მეგობარი სწავლობს მაგ ფაკულტეტზე და როდესაც ცხრილს გადავხედე ყველა ის საგანი იყო, რაც მე მაინტერესებს და მომავალშიც ჩემს თავს ამ სფეროში ვხედავ",- აღნიშნა ინფო რუსთავთან საუბრისას ნინი სებისკვერაძემ.
რუსთაველი წარჩინებული აბიტურიენტების TOP5 შედგენილია "ინფო რუსთავის" მიერ აქამდე გამოქვეყნებული სხვადასხვა საგნის შედეგებზე დაყრდნობით, რომლებშიც თავმოყრილი იყო მაღალქულიანი აბიტურიენტების სია.