პროკურატურამ ბაჩალიაშვილებს ბოდიში მოუხადა

2020-08-14 15:26:54

პროკურატურამ ბაჩალიაშვილების ოჯახს ბოდიში მოუხადა და 23 წლის თამარის გარდაცვალების საქმეს პროკურორი მარიამ გოგორელიანი ჩამოაშორა.

13 აგვისტოს გარდაცვლილი გოგოს დედამ, თეონა თამაზაშვილმა, გოგორელიანს ზეწოლაში ბრალი დადო. დღეს კი ბაჩალიაშვილების ოჯახსა და მთავარ პროკურორის ირაკლის შოთაძის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოაშორა.

"საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა მთავარ პროკურორთან და მის მოადგილესთან. დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბარი. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.

ამავდროულად, მივიღეთ ინფორმცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამშორდა საქმეს იმიტომ, რომ არ იყო ეთიკური მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ",- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ოჯახის უფლებადამცველის განცხადებით, გამოძიებაში ჩასართავად უმოკლეს ვადებში FBI-ის თანამშრომლებს მოიწვევენ.

მისივე თქმით, შეხვედრები გარდაცვლილი გოგოს მშობლებსა და ირაკლი შოთაძეს შორის კვლავ გაგრძელდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები