რუსთავში ბერიტაშვილის ქუჩაზე ხარისგან დაშვებულ ერთ-ერთ ბავშვს დაზიანებები ტუჩის, გვერდისა და კისრის არეში აქვს. ამის შესახებ 4 წლის ბავშვის დედამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა. [ვოდეო/video]
"ბავშვები თამაშობდნენ ეზოში. როგორც ვიცით, ზემოდან მორბოდა ეს ძროხა და დაეტაკა ბავშვებს. როგორ დაეტაკა ზუსტად არ ვიცი, რქითა არის დატყმული ბავშვზე, თუ რით.
ტუჩზე საკმაოდ ღრმა ჭრილობა აქვს. შიგნიდანაც ნაკერი ადევს და ზემოდანაც, გვერდიც დაზიანებული აქვს და კისრის არეში გაფხაჭნილი აქვს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ პირუტყვს ჩაუტარდეს სათანადო გამოკვლევა. ინფიცირებული არ იყოს და ბავშვს რაიმე დაავადება არ გადასდებოდა",- განუცხადა ინფო რუსთავს დაშავებული მცირეწლოვანის დედამ.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ასევე 6 წლის გოგონა, რომელმაც დაზიანება ფეხის არეში მიიღო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხარი გაქცევის შემდეგ ჯერ ასაკოვან ქალს დაეჯახა, რომელსაც 10 თვის ბავშვი ხელში ეკავა და გაუვარდა. ადგილობრივების თქმით, ბავშვმა თავის ტვინის შერყევა მიიღო და მისი გადაყვანა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გახდა საჭირო. მათივე თქმით, დაშვებულია ბებიაც და მას მოტეხილობები აღენიშნება.
ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლების თქმით, მათ საცხოვრებელ ეზოებში მსხვილფეხა პირუტყვი ხშირად გადაადგილდება და ისინი ამ ფაქტით შეწუხებულები არიან.
"ინფო რუსთავი" ცხოველთა სასაკლაოზეც იმყოფებოდა, სადაც ვეტერინარმა, რევაზ ქიმაძემ, დაადასტურა, რომ ხარი სწორედ მათ გაექცათ. ვეტერინარის თქმით, ხარი არის ჯანმრთელი და საშიშროება იმისა, რომ ბავშვებს მისგან რაიმე დაავადება გადასდებოდათ არ არის.
"ხარი მანქანაში იყო. გადმოყვანის პროცესში, სანამ შიგნით შემოიყვანდნენ გაიქცა. ხარს ჩაუტარდა შემოწმება და არის ჯანმრთელი, რაიმე დაავადების გადადების საშიშროება არ არის",- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რევაზ ქიმაძე.