ველომოყვარულთა პროტესტი რუსთავში [video]

2020-06-03 20:14:25

ველომოყვარულთათვის შესაძლოა პარკში სეირნობის ალტერნატიული გზა მოიძებნოს. ამის შესახებ ველომოყვარულებსა და "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელ გიორგი გოროზიას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. [ვიდეო/video]

ველოსიპედით სეირნობის მოყვარულებმა შეხვედრაზე რუსთავის ცენტრალურ პარკში დაწესებული აკრძალვა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ შეზღუდვის დაწესებისას მათი ინტერესების გათვალისწინება არ მოხდა.

ველომოყვარულებმა გიორგი გოროზიას მიმართეს ინიციატივით, რომ ველოსიპედით მოძრაობა პარკში 23:00 საათიდან, მაშინ როცა ხალხის ნაკადი მცირდება, დასაშვები გახდეს, ან ველოსიპედით მოძრაობა ნებადართული იყოს პარკში არსებული ტბის გარშემო.

გოროზიას ინფომაციით, აღნიშნული შეთავაზებები განხილულ იქნება ქალაქის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან და გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა ამის შემდგომ მიიღებს.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა აკრძალვის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ინცინდენტების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურ პარკში ველოსიპედით გადაადგილების აკრძალვა ხალხის ნაკადის შემცირებამდე, აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება.