როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

2020-05-24 00:02:42

მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით ქვეყანაში საზოგადოებრივი ტნასპორტით გადაადგილება 15 ივლისამდე არ აღდგება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული, რომელიც 23 მაისიდან ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

დადგენილების თანახმად 15 ივლისამდე ჩერდება:

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთეს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება. შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI