როდის მთავრდება სკოლებში სასწავლო პროცესი

2020-05-15 14:42:45

მთავრობამ განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკლემა, ისაუბრა სკოლებში ამ წლის სასწავლო პროცესის დასრულებაზე, შესაბამისად ონლაინ გაკვეთილების დასრულების თარიღებზე.

მინისტრის განცხადებით, წლევანდელი სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის მთავრდება 20 მაისს.

პირველ კლასელებისთვის 27 მაისს,  ხოლო დანარჩენი საფეხურის მოსწავლეებისთვის 15 ივნისს. სწორედ ამ თარიღებში დასრულდება დისტანციური სწავლებაც.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე ტელესკოლა, რომელიც საქართველოს სამაუწყებლო არხის მეშვეობით გადის, 15 ივნისამდე შენარჩუნდება.
განათლების მინისტრმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ მოხდება სკოლის მოსწავლეების წლიური შეფასება დისტანციური სწავლების დროს.

"ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზები და იმისთვის, რომ ამავდროულად წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი, ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის ხარისხი, აკადემიური მიმართულებით ჩვენ შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს სკოლებს და ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ინდივიდუალური მოსწავლის სიტუაციიდან და ზოგადად სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე.

უფრო კონკრეტულად, მოსწავლის 2019-2020 წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის პირველ სემესტრში მიღებული ქულა. ეს არის ერთი ალტერნატივა.

მეორე გახლავთ, მოსწავლის 2019-2020 წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის პირველ სემესტრის ქულისა და მეორე სემსტრის 6 კვირის განმავლობაში, აქვე განვმარტავ, რომ ეს ექვსი კვირა მეორე სემესტრის გახლავთ პანდემიამდე, გავლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე.

ბევრმა სკოლამ დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული განათლება შეფასდეს და ამ ქულების შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული იქნება წლიური ქულა.

ცალკე უნდა აღინიშნოს მე-5 კლასელების სიტუაცია. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებისთის განმსაზღვრელი შეფასება, არსებული სისტემით, იწყებოდა მეორე სემესტრიდან. შესაბამისად მათთვის მეორე სემსტრის ექვსი კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამითა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მოხდება მე-5 კლასელების წლიური ქულის დადგენა",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც 2019-2020 წლის პირველი სემესტრის შეფასება არ აქვთ, ასეთ მოსწავლეებს წლიუწი ქულა მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე განესაზღვრება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები