რომელი ქვეყნებიდან მიიღებს საქართველო პირველ ტურისტებს

2020-05-17 12:32:51

15 ივნისიდან საქართველოს შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს კონკრეტული გაიდლაინების შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება ტრანსპორტში, სასტუმროებსა და საკვებ ობიექტებში.

მან ასევე ისაუბრა ავიაკომპანიებზე, რომლებმაც საქართელოს მიმართულებით ფრენების აღდგენის სურვილი გამოთქვეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასეთი 20 კომპანიაა.

სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ კონკრეტული თარიღები ფრენების.

ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან „ვიზეარი", „რაინეარი", რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები", „ისრაელის ავიახაზები", „ყატარი", ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის შესახებ ისაუბრა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამაც. მისი განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

პრემიერის განცხადებით, წარმატებულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან. მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ტურისტები შემოვლენ იქნება ისრაელი.

აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები