ხმაური გურჯაანის სასამართლოსთან

2020-05-13 18:33:56

გურჯაანის სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 5 წლის ბავსშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გაათავისუფლა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ და მისს სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებენ.

"საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ  უტყუარი  მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულის გათავისუფლება 5 წლის ბავშვის ოჯახის წევრებმა სასამართლოს შენობასთან გააპროტესტეს და მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს.

შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

გავრცელებული ინფორმაცით, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა. საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ფოტო: მთავარი არხი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები