რამდენი ინფიცირებულია ქვემო ქართლში

2020-05-07 12:37:28

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ მხარის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, განაცხადა.

"გუშინ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ძალიან მასშტაბური ბრიგადები იყო და მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა.

მარნეულში აიღეს 303 საკვლევი მასალა, საიდანაც, საბედნიეროდ, ყველა უარყოფითი პასუხია . ასევე ბოლნისში 35-დან ყველა უარყოფითი.

ვინარჩუნებთ სტაბილურობას რუსთავშიც, თეთრიწყაროდან დადასტურება არ გვაქვს. ანუ ქვემო ქართლში მთლიანად დღეს მატება არ არის.

არის 9 გამოჯანმრთელების ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლო მონაცემებით ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების სულ 198 შემთხვევაა დადასტურებული.

აქედან ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტშია და მათი რაოდენობა 120-ს შეადგენს. 47 ინფიცირებულია თეთრიწყაროში. 22-ია მარნეულში და 9 რუსთავში.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც COVID19-ის დამარცხება შეძლეს, მათი რაოდენობა მხარეში სულ 45-ია.

ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული არის ბოლნისში 24, შემდეგ მოდის მარნეული, სადაც 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რუსთავში კი ვირუსის დამარცხება ამ დროისთვის 8 ადამიანმა შეძლო.

ჯერ-ჯერობით გამოჯანმრთელების ფაქტი არ დაფიქსირებულა თეთრიწყაროში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები