Facebook-მა ასეულობით ქართული გვერდი წაშალა

2020-05-06 01:27:26

სოციალური ქსელის გიგანტი Facebook აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც დეტალურად საუბრობს არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების შესახებ.

ანგარიშში საუბარია რუსეთთან, ირანთან, აშშ-თან, მავრიტანიასა და მიანმართან დაკავშირებულ გვერდებსა და ანგარიშებზე. რაც ყველაზე მთავარია მასში დეტალურადაა საუბარი საქართველოზეც.

Facebook-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად სოციალური ქსელიდან წაშალეს ონლაინ გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციების უკან მდგარი ადამიანები თავიანთი პიროვნების დამალვას ცდილობნენ, ჩვენი გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ისინი დაკავშირებულები არიან მედია ფირმასთან Espersona",- ნათქვამია ანგარიშში.

საერთო ჯამში გაუქმებულ გვერდებს 973 000 გამომწერი ჰყავდა. ასევე წაშლილ ჯგუფებში გაწევრიანებული იყო 1 508 000 მომხმარებელი. ინსტაგრამიდან წაშილი გვერდების საერთო გამომწერთა რაოდენობა 26 000 შეადგენდა.

ამ გვერდებს Facebook-ზე წარმოებულ რეკლამაში საერთო ჯამში 30 000 ამერიკული დოლარი აქვს დახარჯული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ გვერდების, ანგარიშებისა და ჯგუფების მიერ ვრცელდებოდა დადებით კონტექსტში ინფორმაცია მთავრობის წევრებზე, ხდებოდა ოპოზიციის კრიტიკა. ასევე ხდებოდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება კორონავირუსთან დაკავშირებითაც.

ფეისბუქიდან წაშლილი გვერდები: "GG", "NEWS", "W-NEWS" და სხვა.

ფეისბუქმა დამატებით კიდევ 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ გვერდი წაშალა. მათი ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებული. მათ მიერ გავრცელებულ პოსტებში ძირითადად საუბარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაზე. ასევე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხერხების გამო აკრიტიკებდნენ "ქართული ოცნებასა" და მთავრობას.

Facebook-ის ინცორმაციით ამ გვერდებისა და ანგარიშების უმრავლესობა 2018 წლის შემდეგ აქტიური აღარაა.

საერთო ჯამში ამ გვერდებს 785 000 გამომწერი ჰყავდა. მათ მიერ Facebook-ზე განთავსებულ რეკლამაში კი დახარჯულია 23 000 ამერიკული დოლარი.

ფეისქბუქმა მისი პლატფორმიდან წაშალა ისეთი გვერდები, როგორებიც იყო: "Stop ბიძინა", "საპატრიარქოს შავრაზმელთა ბანდა", "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტი" და კიდევ ბევრი სხვა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა მსგავსი ოპერაცია გასული წლის დეკემბერშიც ჩაატარა და მისი პლატფორმიდან ასევე რამდენიმე ასეული გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა, რომლებიც არაავთენტურ ქმედებებში იყვნენ შემჩნეული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები