Facebook-მა ათობით ქართული გვერდი წაშალა

2020-05-01 21:26:01

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეისბუქმა სოციალური ქსელიდან კრემლის პროპაგანდისტული და მასთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

კერძოდ "ნიუს-ფრონტი", რომელიც კრემლთან დაკავშირებული პლატფორმაა და სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ანგარიშები აქვს.

საქართველოში ეს გვერდი და მასთან დაკავშირებული ანგარიშები ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციებს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისა და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ მოუწოდებნენ.

გავრცელებული ინფორმაცია ძირითადად შეიცავდა ანტიდასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს.

მათი სამიზნე, როგორც ღიად პრო-რუსული შინაარსის მქონე ჯგუფები, ასევე, „ქართულ ოცნებისა“ და მის ლიდერების მხარდამჭერთა, და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფები იყვნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ნიუს-ფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521,240 წევრი ჰყავთ.

ღიად აგრესიული პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი რუსეთმა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ონლაინ გამოცემა news-front.ge-ს ამოქმედებით გააძლიერა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ გამოცემას მოსკოვიდან რადიკალურ დაჯგუფება „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსული ორიენტაციის მქონე პირი, შოთა აფხაიძე მართავს.

News-front Georgia - წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია სიმფეროპოლი, ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო News-Front აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე.

სააგენტო News-Front დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით,“ - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, „ნიუსფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძესაც.

ფეისბუქიდან წაიშალა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით, „ნიუსფრონტ“ საქართველოს ოფიციალური გვერდის გარდა, გამოცემის მასალა სხვადასხვა ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა.

გარდა ამისა სოციალური ქსელიდან წაშლილია სხვადასხვა ანტისამთავრობო თუ ანტიოპოზიციური გვერდები, რომელთა მთავარი მიზანიც პოლიტიკური პირების დისკრედიტაცია იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები