რუსთავის აგრარული ბაზარი გაიხსნა

2020-05-01 10:24:43

რუსთავის აგრარული ბაზარი, ე.წ სტამბულის ბაზარი, გაიხსნა. [ვიდეო/video]

კერძოდ კი ბაზრის ღია სივრცე, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

ადგილზე მდგომარეობის შესამოწმებლად ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი იყვნენ მისულები.

"ორი სამი დღე მაინც დაგვჭირდება. რეგულაცია არის ასეთი, ბაზრის ადმინისტრაცია, მოვაჭრე, როგორც საბითუმო ასევე საცალო და, რა თქმა უნდა, მომხმარებელი.

მომხმარებელის კუთხით მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად იცავენ წესებს, რაც სავალდებულიოა და მადლობა ყველას ამისთვის.

რაც შეეხება მოვაჭრეებს, არის გარკვეული პატარ-პატარა შენიშვნები, რასაც ორ-სამ დღეში დავარეგულირებთ და მერე თავად ბაზრის ადმინისტრაცია ამ რეგულაციას და ჩარჩოს მიხედავს...

ბაზრის შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება",- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ინფო რუსთავთან საუბრისას.

ინფო რუსთავთან ბაზარში წესების დაცვაზე მხარის გუბერნატორმაც ისაუბრა.

"ყველა რეკომენდაცია არის დაცული. შემოსვლის ფაქტიდან თერმოსკრინინგით, ნიღბებით, დისტანცირებით. აბსოლუტურად ყველაფერი სრულადაა მოწესრიგებული. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს. განსაკუთრებით რუსთავის მერიის ხელმძღვანელობას და იმ ხალხს, ვინც ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აწყობდა ესე სამაგალითოდ ინფრასტრუქტურას. ეს არის საშემსრულებლო დისციპლინის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ამ ბაზრის გახსნით ქალაქში კონკურენციაც გავზარდეთ",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, პროდუქტზე ფასები შედარებით მაღალია და მოვაჭრეების თქმით, ეს იმის ბრალია, რომ მარნეულში პროდუქცია მაღალ ფასში იყიდეს.

გუბერნატორის თქმით, ფასის მატება პროდუქციის დეფიციტის გამო მოხდა, პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო მაღალი, ვიდრე მოწოდება ხდება. თუმცა გუბერნატორის განცხადებით, რამდენიმე დღეში ეს პრობლემაც მოგვარდება.

ადგილზე მისულ მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსქრინინგი, ურიგებენ პირბადეებს, ხელთათმანებს და ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ.

იხილეთ ბაზრის გახსნის ვიდეო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები