მარნეულიდან პროდუქციის გატანა გრძელდება

2020-04-24 12:46:44

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულში ფერმერების მიერ პროდუქტის ჩაბარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინ ეს პროცესი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესები დარღვევით მიმდინარეობდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოხმარება შემცირებულია, რაც რესტორნული და ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაჩერებითაა გამოწვეული. თუმცა ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტებიდან მოსავლის ჩაბარების პროცესი მაინც მიმდინარეობს.

"ადგილობრივ ბაზარზე შემცირებულია მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ იმ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო სამეურნო პროდუქცია, გაიტანა 5 დიდი მოცულობის 10 და 13 ტონიანი მანქანებით პროდუქცია.

ჩვენ მივიღეთ გარკვეულად არაორდინალური გადაწყვეტილება. ადგილზე, სოფლებში, სადაც კონცენტრაციაა კიტრის მოსავლის, გავაკეთეთ ორგანიზება, რომ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა დადგენილი სტანდარტით, ორგანიზებული კოლონა საკუთარ M2-ის კატეგორიის სამარშუტო ტიპის ტრანზიტული გადაზიდვა გავაკეთეთ ავტომობილით.

დაახლოებით, ასეთი ორგანიზებით ჩვენი ძალებითა და დისტრიბუციით, ისე, რომ მძღოლები არ გადმოდიოდნენ ავტომობილებიდან, გარეთ კავშირი რომ არ ჰქონოდათ, ჩავიდნენ სადისტრიბუციო სივრცეში, მიიწონეს  პროდუქცია, გააკეთეს ანგარიშწონება და დაბრუნდნენ უკან,"- განაცხადა შოთა რეხვიაშილმა.

მისივე თქმით, გუშინ მუნიციპალიტეტებიდან 100 ტონამდე პროდუქციის გატანა მოხდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

გუბერნატორს ინფო რუსთავის ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა ოპოზიციის ბრალდებებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მარნეულში მონოპოლიური სიტუაციაა შექმნილი, რადგან პროდუქციის ჩაბარების უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას მიეცა, რაზეც შოთა რეხვიაშილმა განაცხადა, რომ კომპანია სახელმწიფოს გვერდში უდგას და პრაქტიკულად ზარალზე მუშაობს.

"მსხვილი კომპანია, როგორც ასეთი ორგანიზებული თავისი სივრცეებით, არის ის კომპანია, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. პირდაპირ გეუბნებით, ახლა ისეთი ფორსმაჟორია, რომ არანაირ მონოპოლიებზე არ ვსაუბრობ. ეს კომპანია არის აბსოლუტურად სახელმწიფოებრივად მხარში და პრაქტიკულად ზარალზე მუშაობს, არათუ მოგებაზე და მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის შპს "ჯიბეს" მენეჯმენტს. კიდე მოდის სხვა დაინტერესებული ხალხი, არ არის მარტო "ჯიბე", დამოუკიდებელი საშუალებით, დამოუკიდებელი გზებით შედიან და შეიძლება უფრო დაბალ ფასებშიც კი ყიდულობენ პროდუქციას, ვიდრე "ჯიბე","-  ასე უპასუხა ინფო რუსთავის კითხვას გუბერნატორმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები