ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

2020-04-10 19:34:29

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი გამოცხადდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეიდან რაიონში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება და ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის. ისევე, როგოც ბოლნისსა და მარნეულში, ლენტეხში ადგილობრივებს საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების უფლება ეძლევათ.

რაიონის შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს. ადგილზე მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები დაიშვებიან.

უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკვები პროდუქტების თვალსაზრისით აქვს. არსებული მექანიზმებით, ამ მუნიციპალიტეტში არანაირი ფორმით არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ შევაყოვნოთ კოვიდ19-ის გავრცელება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არ არის საკმარისი. აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ კოვიდ19-ის გავრცელება, დაიცვან საკუთარი თავი, საკუთარი ახლობლები და დაიცვან ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და 234 გახდა.

ახალი დაინფიცირებულები სწორედ ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან არიან და სამკურნალოდ თბილისში გადმოყავთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები