იტალიაში ხიდი ჩაინგრა [video]

2020-04-08 20:29:31

იტალიაში, ლიგურიისა და ტოსკანას რეგიონის დამაკავშირებელი ხიდი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. [ვიდეო/video]

როგორც წესი, ხიდზე გადატვირთული მოძრაობაა და იტალიაში კორონავირუსთან  დაკავშირებით მიღებული ზომების გამო მასზე გადაადგილება შეზღუდული იყო.

ინგლისური გამოცემა წერს, რომ ხიდის ჩამონგრევის მომენტში მასზე მხოლოდ ორი ავტომობილი გადაადგილდებოდა.

ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლს ხიდის ჩამონგრევისას ქვის ნაწილი მოხვდა, რა დროსაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო. იგი ვერტმრენით სავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მეორე მძღოლს, მან ხიდის ჩამონგრევის შემდეგ ავტომობილიდან გადმოძრომა შეძლო, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიური შოკი აქვს.

"აშკარაა, ეს დიდი იღბალია, რომ ხიდის ჩამონგრევა დიდ ტრაგედიად არ იქცა, რადგან კორონავირუსის გამო ხიდზე გადაადგილება შეზღუდული იყო",-განაცხადა იტალიის პროვინციების კავშირის UPI-ის ხელმძღვანელმა მიშელ დე პასკალმა.

ცნობილი გახდა, რომ ამ ხიდს ნოემბერში უამინდოვის გამო ბზარები  გაუჩნდა. ხიდი შეაკეთეს და შესაბამისი ტექნიკური შემოწმების შემდეგ კვლავ აღდგა მასზე მოძრაობა.

ადგილობრივი მერის განცხადებით, ხიდის შესახებ შესაბამის სამსახურებში გაფრთხილების სამი წერილი გააგზავნა.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს გენოაში უზარმაზარი ხიდის ჩამოინგრა, რომელსაც 43 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, იტალიაში საგზაო ხიდების მდგომარეობა დიდი კონტროლის ქვეშაა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები