რუსთავში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დაფიქსირებული

2020-04-03 11:51:29

იმ დეპუტატის მეუღლესა და შვილებსრომელსაც რუსთავში კორონავირუსი დაუდასტურდა, კვლევები უტარდებათ, ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

"ოჯახიდან ასევე გადაყვანილი არიან საჯარო მოხელის მეუღლე და 2 ბავშვი. დღეს ჩაუტარდებათ მათ კვლევა და დღესვე იქნება სავარაუდოდ პასუხები. როგორც ვიცი, მეუღლეს აქვს ტემპერატურა. შვილებს არ აღენიშნებათ ტემპერატურა, თუმცა მაინც გადაყვანილები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. გუშინ 90% იმ წრისა, სადაც შესაძლო რისკებია და იყო კომუნიკაციის შესაძლებლობები, შესწავლილია და ეს ადამიანები არიან იზოლაციის მკაცრ რეჟიმზე. მათ შორის, იყო კომპანია "მაგთის" სერვისის მოთხოვნა ოჯახისგან, მათგანაც 2 ადამიანი თვითიზოლაციაში, 1 კი საკარანტინე სივრცეშია. პოლიციას აქვს მითითებები, ისინი მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს და შესაბამისი კამერებიდან, გარე კონტაქტებიდან გვაქვს მოკვლევა მათი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო კონტაქტში ამ ფაქტთან და მათ შორის პირველ ფაქტთან, რომელიც არის ქალბატონი, მარტოხელა, სადაც იყო მისი კომუნიკაციის რისკები, იქაც ყველაფერი შესწავლილია", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, სიტუაცია ქალაქში კონტორლს ექვემდებარება.

"ჯერ იმის თქმა, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი, არ შეიძლება, ყველაფერი მართვადია. არ არის საჭიროება დამატებითი მკაცრი ზომების, გამკაცრდება თერმო სკრინინგი, რომ მოსახლეობის გადაადგილება იყოს მაქსიმალურად შესწავლილი და არ გამოგვრჩეს ტემპერატურული ცვალებადობები. სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება იმ სივრცეებში, სადაც უპირველეს ყოვლისა, გვაქვს ფაქტებიდან გამომდინარე საჭიროება", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული. 

ამ დროისთვის რუსთავში ინფიცირებული 4 პირის 48 კონტაქტია შესწავლილი. რისკ ჯგუფში შემავალი პირები მკაცრი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დამატებითი კვლევები, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რუსთავში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია 2 აპრილს გაავრცელა. პირველი ინფიცირებული 50 წლამდე ქალია, ის მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის, ვირუსის დადასტურებამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მეორე შემთხვევა დაკავშირებულია თბილისის ეროვნული ბანკის კლასტერთან. ინფიცირებულია 70 წლამდე ქალი, რომელიც რუსთავის საკრებულოს წევრის დედაა და ის ერთ-ერთია ბანკში დადასტურებული 7 შემთხვევიდან. 

მას შემდეგ, რაც 70 წლამდე ქალს ვირუსი დაუდასტურდა, კვლევები ჩაუტარდათ სიმპტომატიკის მქონე შვილს (რუსთავის საკრებულოს წევრს) და ქალის მეუღლეს. აღმოჩნდა, რომ მათ კორონავირუსით დაინფიცირება უდასტურდებათ

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI