რუსთავში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისში ორი ქალი გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მათ კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ.
კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგად ერთ ქალს ვირუსი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს არა. 50 წლამდე ქალი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ქალი ბინაში თვითიზოლაციაში დააბრუნეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, თბილისში იმ უწყებაში მომსახურე პერსონლის პოზიციაზე მუშაობდა, სადაც დადგინდა, რომ რამდენიმე დაინფიცირებული იყო. აღსანიშნავია, რომ რუსთაველი ქალები სამსახურში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული რუსთაველი ქალი ჰოსპიტალში 2 დღის წინ შეიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.