კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, ბევრი მეცნიერი სხვადასხვა ქვეყანაში მის წინააღმდეგ ვაქცინის გამოგონებაზე მუშაობს. თუმცა ვაქცინა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი ყველაზე კარგ ვარიანტში წელიწადნახევარში იქნება. იქამდე კი მკვლევრები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა უკვე არსებულ ვაქცინებსა და წამლებს ტესტავენ.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფართო მასშტაბიანი კვლევა დაიწყეს, რომელშიც კორონავირუსის დასამარცხებლად ათეული წლების წინ გამოგონებულ ტუბერკულიოზის ვაქცინას იყენებენ.
პირველ ეტაპზე BCG (ბესეჟე) ვაქცინის 4000 ავსტრალიელ სამედიცინო პერსონალზე გაკეთება იგეგმება, რათა მოხდეს დაკვირვება, შეამცირებს თუ არა ის კორონავირუსის სიმპტომებს.
"ტუბერკულიოზისთვის გამოგონებული ვაქცინა, რომელსაც დღესაც ყოველწლიურად 130 მილიონ ბავშვს უკეთებენ, ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს, ეხმარება ადამიანის ორგანიზმს უკეთ შეებრძოლოს მიკრობებს"- განაცხადეს მუდროკის ბავშვთა კვლევის ცენტრის მეცნიერებმა, რომლებიც ახალ კვლევაზე მუშაობენ.
მთავარ მკვლევარს, ნიგელ კურტისს, იმედი აქვს, რომ იმ სამედიცინო პერსონალს, რომელებსაც BCG ვაქცინას გაუკეთებენ, COVID19-ის სიმპტომები და გავრცელება ორგანიზმში შეუმცირდებათ.
მეცნიერების აზრით, ეს ცდა მათ საშუალებას მისცემთ, ნახონ, არის თუ არა ეფექტური ტუბერკულიოზის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. თუკი ეს ასე იქნება, მაშინ უამრავი მედიკოსის გადარჩენის საშუალება მიეცემათ, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა ხაზზე დგომა უწევთ.
მეცნიერების თქმით, BCG ვაქცინა მსოფლიოს დროს მოაგებინებს, რათა უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველი ვაქცინის შემუშავება მოხდეს.
ჯერ დამტკიცებული არაფერია, ამიტომ მშვიდად მაინც ნუ იქნებით და ნუ გექნებათ დაცულობის განცდა, თუკი BCG ვაქცინით აცრის შემდეგ დატოვებულ შრამს თქვენს მკლავზეც აღმოაჩენთ. დაიცავით აუცილებელი რეკომენდაციები, ხშირად დაიბანეთ ხელი და მოერიდეთ სოციალურ აქტივობებს.
გარდა ამისა, ჯანმომ(WHO) ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID19 ჰაერის მეშვეობით არ გადადის.
კორონავირუსით დაინფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა უშუალოდ დაავადებულთან ვიმყოფებით, ის კი დააცემინებს ან დაახველებს, რა დროსაც ჰაერში წვეთები გამოიყოფა, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ჰაერში ვერ ჩერდება და მალევე სხვადასხვა ზედაპირზე ეცემა.
ინფიცირება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანმა დაბინძურებულ ზედაპირს ხელები შეახო, შემდეგ კი თვალზე, ცხვირზე ან პირზე მოიკიდა, საიდანაც ვირუსს საშუალება აქვს, რომ ორგანიზმში მოხვდეს.
სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები და არ მოვიკიდოთ სახის არეზე.