სასწავლო პროცესი შესაძლოა კიდევ გადაიდოს

2020-03-18 11:48:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით   სასწავლო პროცესი, შესაძლოა კიდევ უფრო გახანგრძლივდეს და 26 აპრილამდე გადაიდოს.

"რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობა. პირველ რიგში ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება, იმ ვადებზე, რა ვადებზეც საუბრობს განათლების სამინისტრო. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას. თუმცა გარკვეული იმედი ამის მაინც რჩება"- განაცხადა გახარიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

სწავლის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც.

"თუ ჩვენ გვექნება კორონავირუსის მაღალი მატება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ გადაიდოს"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით პირველ აპრილამდეა შეჩერებული.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები