მძღოლების ნაწილი გაიფიცა

2020-03-12 16:03:38

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, კერძოდ სპორტის სასახლის მიმართულებით, მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა.

მძღოლები ინფო რუსთავთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რუსთავიდან თბილისამდე და პირიქით მოძრავი მგზავრების რაოდენობა განახევრდა, რის გამოც მძღოლებმა ინტერტრანს დღიური გადასახადის 70-დან 50 ლარამდე შემცირება სთხოვეს რაზეც კომპანიაში მძღოლებს უარი უთხრეს.

მძღოლების თქმით, ინტერტრანსში უთხრეს, რომ თუკი აღნიშნული ტარიფის გადახდას ვერ შეძლებდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ და ავტომობილები კომპანიის კუთვნილ ბაზაზე დაეყენებინათ.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის კომპანია ინტერტრანსს დაუკავშირდა:

"მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. მოგეხსენებათ, რომ ე.წ ალდაგის მარშრუტზე მომუშავე მძღოლების ნაწილმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკლოთ გეგმიური შენატანისთვის. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არცერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია", -განაცხადა ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ცერცვაძემ.

ინფო რუსთავის ინფორმაციით ამ დროისთვის 30-ზე მეტი მანქანა გაჩერებულია.

უცნობია, როგორ მოახერხებენ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მომავალი რუსთაველები ქალაქში დაბრუნებას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები