ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-02-28 00:42:50

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში, ჰადი ხოსროშაჰი 81 წლის ასაკში საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებულია ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ორი ირანელი დეპუტატი.
ბოლო ინფორმაციით ირანში ვირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 245 ინფიცირებულია. რიცხვი სწრაფად იზრდება იტალიასა და სამხრეთ კორეაში, თუმცა ჩინეთში, ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის სწრაფი ზრდა აღარ შეიმჩნევა.

კორონავირუსი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზეა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოს მთავრობამაც დაადასტურა. 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშაა. ინფექციურშია მოთავსებული კიდევ ოცამდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობას ახალი ვირუსი არ უდასტურდება. რამდენიმე მათგანის პასუხებს კი ჯერ კიდევ ელიან. გარდა ამისა აბასთუმანსა და საჩხერეში საკარანტინო ზონებია მოწყობილი და იქ მყოფ ხალხს აკვირდებიან, რადგან მათ მანამდე იმ ქვეყნებში იმოგზაურეს, სადაც ვირუსი მძვინვარებს.

ბოლო ინფორმაციით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 50-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული.გარდაცვლილია 2809, დაინფიცირებულია 82 600 ადამიანი. ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელება 33 350 ინფიცირებულმა შეძლო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები