რეკომენდაციები სკოლებს

2020-02-27 13:00:46

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

„კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით, სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია, დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში, სკოლებში  ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს შენობა ორჯერ. ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება, როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით“ ,- განაცხადეს განათლების სამინისტროში.