რატომ არ შეუშვეს ქართველები ამსტერდამში

2020-02-23 19:09:35

საქართველოს 4 მოქალაქე ამსტერდამის აეროპორტშია გაჩერებული და მეორე დღეა სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.

22 თებერვალს თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით საქართველოს 4 მოქალაქე გაემგზავრა, რომლებიც ქვეყანაში არ შეუშვეს.

ერთ-ერთი მათგანი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რთულ პირობებში იმყოფებიან.

" გუშინ მოგვცეს საბუთები, რის საფუძველზეც უნდა დაგვეტოვებინა აეროპორტი, უნდა დავებრუნებინეთ უკან დილით 8 საათზე, მაგრამ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ადგილები არ არის და ხვალ დაგვაბრუნებენ. არ გვეძლევა აეროპორტის გარეთ გასვლის უფლება, ვერც სასტუმროში ვბინავდებით და არც საკვები გვაქვს", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეშვების მიზეზად ტურისტული ნორმების ვერ დაკმაყოფილება დაუსახელეს.

აეროპორტში ჩარჩენილები დახმარებას საქართველოს საელჩოსგან ითხოვენ.

მათი თქმით, ისინი საქართველოს საელჩოს დაუკავშიდნენ, თუმცა ცხელ ხაზზე არავინ უპასუხა.

ფაქტის გადამოწმების მიზნით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" საელჩოსთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.