რუსთავში, მეგობრობის N47-ში, მრავალშვილიანმა ოჯახმა, საცხოვრებელი კორპუსის ბინა გატეხა და სახლში ცხოვრების მიზნით, უკანონოდ შევიდა.
ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავთ 5 შვილი, აქედან 4 არასრულწლოვანია.
როგორც ხათუნა წიქარიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს მისი მეუღლე 2 ჯგუფის ინვალიდია და მას ფიზიკურად შრომა არ შეუძლია.
" მე ეს ბინა გავტეხე დღეს და შემოვედი, იმიტომ რომ ვერ ვიხდი ბინის ქირას, ჩემი მეუღლე გადაიყვანეს პოლიციაში გამოძიების მიზნით, ვიცი რომ კანონს ვარღვევთ, მაგრამ რა ვქნა? სად წავიყვანო ჩემი ხუთი შვილი. იძულებული გავხდი, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა"- "ინფო რუსთავთან" საუბრისას ხათუნა წიქარიშვილი აცხადებს.
"როგორც ვიცი ამ ბინას ჰყავს პატრონი, რომელმაც სახლი ჩვენს მეზობელს ჩააბარა და მის შემდეგ ის უვლის ხოლმე, 10 წელია აქ ვცხოვრობ და ჯერ მე ამ სახლში არავინ მინახავს მოსული, არ ვიცი ვინაა მისი მეპატრონე, დილით რომ გამოვედი, დავინახე როგორ შედიოდნენ სახლში, შემდეგ პოლიციაც მოვიდა" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა.
"ჩვენ არ გვსურს ამ სახლის დაკანონება ან რაიმე მსგავსი, როგორც ვიცით 15 წელია ამ სახლში არავინ ცხოვრობს და დაკეტილია, ჩვენ გავტეხეთ დღეს და შემოვედით დროებით საცხოვრებლად, რადგან ქირის გადახდის საშუალება არ გვაქვს და ხუთ ბავშვს ღია ცის ქვეშ ვერ ვამყოფებთ"- აცხადებს ნუგზარ კაპანაძე.
"ინფო რუსთავი" ერთ-ერთ მეზობელს გაესაუბრა, რომლის ცნობითაც ბინის მეპატრონეები 15 წელზე მეტია საბერძნეთში ცხოვრობენ და სახლი მეზობელს ჩააბარეს.
არსებული ინფორმაციით, იმის შემდეგ რაც ოჯახი ბინაში შეიჭრა მეზობელმა, ვისაც ჰქონდა ჩაბარებული სახლი საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თავად კი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მისივე განცადებით, ისინი ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. მათ სახლი წლების წინ დაკარგეს და მას შემდეგ ოჯახს ქირით უწევს ცხოვრება.