1900-მდე ბენეფიციარი უფასო საკვებს მიიღებს

2020-02-09 10:57:59

რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გამოკვებაზე კვლავ კომპანია „ალიონი“ იზრუნებს.

რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა და მთლიანი წლის გამვალობაში ბენეფიციარებს 1 177 777 ლარად გამოკვებავს.

ამ დროისთვის რუსთავში უფასო სასადილოები 1900-მდე ბენეფიციარს ემსახურება. რუსთავის მერიას თითოეული მათგანის გამოკვება დღეში 1 ლარი და 72 თეთრი დაუჯდება.

ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ბენეფიციარებს სამი სახის მენიუ შესთავაზოს, ესენია: ზამთრის, ზაფხულისა და სადღესასწაულო მენიუები.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ქვირიას განცხადებით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია პურის გრამაჟიც, წელს ბენეფიციარები ნახევარი პურის მაგივრად დღეში ერთ პურის მიიღებენ.

ბენეფიციარებს უფასო სასადილოთი სარგებლობა კვირის ყველა დღეს შეუძლიათ.

ბენეფიციარებს სასადილოთი სარგებლობა 4 მისამართზე შეეძლებათ:

ბათუმის 17
რჩეულიშვილის 9
ქუჩიშვილის 1
20 მკრ-14 კორპუსის მიმდებარედ