რატომ ამოიღეს ხეები მეგობრობის გამზირზე

2020-01-28 21:19:28

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, კერძოდ კი "კარფურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეების მიწიდან ამოღება მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ და ვითარებაში გარკვევა სთხოვეს.

მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკა პაპუაშვილის ცნობით, ადგილზე კომერციული ობიექტი აშენდება.

"ნებართვა უკვე გაცემულია და მიმდინარეობს დენდროლოგიური პროექტის განხორციელება. ამდროისთვის ხეები სპეციალური ტექნიკით გადაიტანეს და მოამზადეს ნიადაგი მშენებლობისთვის", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ეკა პაპუაშვილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე ორსართულიანი კომერციული დანიშნულების შენობა აშენდება.

აღსანიშნავია რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არაერთხელ აპროტესტებდა ხეების მოჭრას, ამჯერად კი 2 ფიჭვი, რომელიც მშენებლობას ხელს უშლიდა და ამოიღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგეს.

შეგახსენებთ რომ რუსთავში კომერციული და სახელმწიფო დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას რამდენჯერმე ამოიღეს ხე მიწიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგეს, თუმცა არცერთ შემთხვევაში გადარგულ ხეს აღარ გაუხარია, იმედია ეს უკანასკნელი გამონაკლისი იქნება.