ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა

2020-01-20 12:46:56

ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ამერიკაში სამშობიაროდ ჩასულ ქალებზე ვიზების გაცემა გაამკაცროს.

ონლაინ გამოცემა Axios ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორებაში ცვლილებების შეტანა სურს. ამ შესწორების თანახმად ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ ბავშვებს მოქალაქეობა ენიჭება.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში სამშობიარო ტურიზმთან დაკავშირებული კრიმინალი შემცირდეს. ოფიციალური რიცხვები არ არსებობს, მაგრამ ამერიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 33 000 ბავშვი იბადება, რომელთა მშობლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. სამშობიარო ტურიზმის ფარგლებში ამერიკაში ყველაზე მეტად ჩინეთიდან, რუსეთიდან და ნიგერიიდან ჩადიან.

Axios თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეიცვლება B ტიპის ვიზის გაცემის წესები, რომლებიც მოკლე ვადით, ტურისტული ან საქმიანი მიზნით მსურველებზე გაიცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება ექნება ტურისტს ვიზის გაცემაზე უარი უთხრას, თუკი ჩათვლის, რომ ის ამერიკაში ბავშვის გაჩენისა და მისთვის მოქალაქეობის მისაღებად ჩადის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები