რუსთავში ორი სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება [video]

2020-01-15 20:52:05

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს რამდენიმე წევრმა ახალგაზრდობის მერიის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად სკვერების პროექტირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. [ვიდეო/video]

შეხვედრას ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პარკის საპროექტო სამუშაოებს შეასეულებენ, ასევე რუსთაველი არქიტექტორი გიორგი არევაძე, რომელმაც ახალგაზრდობის სკვერის კონცეფცია შეიმუშავა. არქიტექტორის თქმით, პარკი იქნება სავარჯიშო, დასასვენებელ და ცხოველებისთვის გამოყოფილ ზონებად დაყოფილი. მერმა დაათვალიერა პარკის ვიზუალური კონცეფცია და კომპანიას, რომელიც ახალგაზრდული პარკის დაპროექტებაზე იმუშავებს მოუწოდა, რომ არსებული კონცეფციით ეხელმძღვანელათ.

ჯერ კიდევ გაურკვეველია მოესწრება თუ არა პარკის სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყება 2020 წელს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თეატრის უკან მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ორივე პარკის კეთილმოწყობაზე ბიუჯეტიდან, სავარაუდოთ, დაახლოებით 4-დან 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ინფო რუსთავმა სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიაჩნდათ რუსთაველებს პრიორიტეტულად. გამოკითხვისთვის შეირჩა 3 ვერსია: 1 - ისტორიული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია ; 2 - საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა ; 3 - ძველი სკვერების რეაბილიტაცია. გამოკითხვაში მონაწილეთა 54.37% სწორედ ძველი სკვერების რეაბილიტაცია აირჩია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები