პროექტი, რომელიც რუსთავს დატბორვას აარიდებს [video]

2019-10-31 17:18:53

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი დაათვალიერა და მშენებლობის პროცესს გაეცნო. [ვიდეო/video]

პროექტის ფარგლებში, იაღლუჯის ფერდობის გასწვრივ სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რაც ძლიერი წვიმის დროს ფერდობზე წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადების შემოდინებას რუსთავის ქუჩებში ხელს შეუშლის და ქალაქს დატბორვისგან დაიცავს.

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სამუშაოები 2 მონაკვეთზე, რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი გზატკეცილის გასწვრივ და ავტობაზრობიდან მტკვრის სანაპირომდე მიმდინარეობს. ღვარცოფი, რომელიც ძლიერი წვიმის დროს იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოვა, პირველ მონაკვეთზე მოწყობილ კოლექტორში ჩავა და შემდეგ მისი ჩადინება მეორე მონაკვეთის მიმართულებით მოხდება.

"ღვარცოფის სახით ქალაქში შემოედინებოდა უხვი ნალექი, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს. ქალაქისთვის ერთ-ერთ გამოწვევად იყო მრავალი წლის პრობლემა, სანიაღვრე არხის იაღლუჯის ფერდობზე მოწყობა, რომელიც უნდა დაკავშირებოდა მტკვარს. ჩვენს ინფრასტრუქურის სამინისტროს გვერდში დგომით მოვახდინეთ აღნიშნული მონაკვეთის დაპროექტება და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა.

სანიაღვრე არხი მაქსიმალურად დაიცავს ქალაქს აღნიშნული სტიქიური მოვლენებისგან. გარდა ამისა, როდესაც გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა წითელი ხიდის მიმართულებით, პროექტში გათვალისწინებულია მონაკვეთი, რომელიც აითვლება თბილისის ქუჩის შესასვლელიდან ქალაქის გასასვლელამდე. ესეც ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ავტობანის მშენებლობასთან ერთად განხორციელდება" - განაცხადა ქალაქის მერმა. 

სანიაღვრე ქსელის მოწყობა იაღლუჯის ფერდობზე 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 500 000 ლარია.

შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავმა" 2018 წელს რუსთავში ჩაატარა გამოკითხვა, სადაც საზოგადოება ქალაქის ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვას ასახელებდა.