გახშირებული კინოგადაღბებით რუსთაველების გარკვეული ნაწილი გადაიღალა, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გადაღბებით ფინანსურ სარგებელს ნახულობენ, რაც ნამდვილად სასიხარულოა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენი ლარი დახარჯა "ზეციურმა ქალბატონმა“ რუსთავში გადაღებების მოსაწყობად და ინფორმაციის მოსაპოვებლად რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, კომპანიამ, რომელიც რუსთავში "ზეციური ქალბატონის" გადაღებებს აწარმოებდა, 100 რუსთაველი დაასაქმა, მათი დღიური ანაზღაურება კი 50 ლარს შეადგენდა. ჯამში დასაქმებულების ანაზღაურებისთვის კომპანიას 10 000 ლარის გამოყოფა მოუხდა.
გარდა ამისა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თანხა გამოიყო ლეონიძის გამზირზე არსებული ავტოსახელოსნოებისთვის კომპენსაციის გადასაცემადაც. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე კინოს გადაღბების გამო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაიკეტილი და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებს დროებით ფუნქციონირების შეწყვეტა მოუწია.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გადამღები ჯგუფის ფინანსური საკითხების წარმომადგენელი ავტოსახელოსნოების მეპატრონეებს უკვე ესაუბრა და მათ თითო განყოფილებაში (ე.წ. ბოქსში) სამუშაოების შეცერების მიზნით 300 ლარი შესთავაზა. ჟურნალისტმა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა, დათვალა და აღმოაჩინა, რომ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ფილმისთვის ეპიზოდების გადაღება მიმდინარეობდა, დაახლოებით 10-ზე მეტი ავტოსახელოსნოა, მათ ჯამში 30-ზე მეტი განყოფილება (ე.წ. ბოქსი) აქვთ. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სხვა ტიპის ობიექტებიც. გამოდის, რომ ობიექტების გაჩერებისთვის გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელობას 10 000 ლარზე მეტის გაღება მოუწია.
აღსანიშნავია რომ ლეონიძის ქუჩა სრულად არ იყო გადაკეტილი და შესაბამისად ყველა სახელოსნოს მეპატრონე აღნიშნულ თანხას ვერ მიიღებს.
"სარკე სტუდიამ", რუსთავში, ბრიტანული ფილმის "ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდების გადაღება 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დაასრულა. ფილმის ეპიზოდების გადაღება ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე მიმდინარეობდა. „ზეციური ქალბატონის“ გადაღებები საქართველოში 26 აგვისტოდან დაიწყო და დედაქალაქში, ვაზიანის სამხედრო ბაზის, ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩების ტერიტორიაზე მოხდა.