მზადება "ზეციური ქალბატონის" ეპიზოდების გადასაღებად

2019-10-24 12:39:01

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ბრიტანული ფილმის, „ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდებს იღებენ.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ერთ-ერთ ეპიზოდს რუსთავშიც გადაიღებენ. კერძოდ, ფილმის ეპიზოდების გადაღება ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე მოხდება.

სამზადისი რუსთავში უკვე დაწყებულია. ლეონიძის ქუჩაზე და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხოელები დეკორაციებს ამონტაჟებენ. გარკვეული სცენების გადაღებები კი ხვალიდან, 25 ოქტომბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ფილმის, „ზეციური ქალბატონის“ გადაღებები საქართველოში 26 აგვისტოდან დაიწყო. დედაქალაქში გადაღებები ვაზიანის სამხედრო ბაზის,​ ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილება შეიზღუდება: ლეონიძის ქუჩაზე - დილის 6:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის მოედანზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.