რუსთაველმა მსახიობმა შოთიკო ნოზაძემ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა.
როგორც ცნობილია 25 ოქტომბერს "ფორმულას" ეთერში პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი იწყება, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი რამდენიმე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობების გარეშე დაიწყება, მათ შორისაა რუსთაველი მსახიობი შოთიკო ნოზაძე (პერსნაჟი - თენგოი).
საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი მსახიობს დაუკავშირდა და გაარკვია, თუ რა გახდა სერიალის დატოვების მიზეზი.
გიხილავთ თუ არა ისევ "ჩემი ცოლის დაქალებში"?
არა, ჩცდ-ში აღარ მიხილავთ.
რამ განაპირობა რომ დაგეტოვებინათ სერიალი?
მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა სერიალი და დავრჩენილიყავი რუსთავი2-ში, კომედი შოუში.
თქვენი გადაწყვეტილებით დატოვეთ სერიალი? თუ არის შანსი დაბრუნების?
დიახ ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე სერიალი. დაბრუნების შანსი არის, თუ იქნება მათი სურვილი.
თუ თქვენი გადაწყვეტილებით დატოვეთ "ჩცდ", მათ სურვილზე რატომ ხართ დამოკიდებული?
გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებზე ვერ შევთანხმდით მომიწია სერიალის დატოვება.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ან "ჩემი ცოლის დაქალებში" უნდა ყოფილიყავით ან "კომედი შოუში, მართალია?
რუსთავი 2-ის მხრიდან არანაირი პრობლემა არ იყო რომ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვყოფილიყავი და "კომედი შოუშიც", მათ ეს პრობლემა არც ახლა აქვთ. მაგრამ "ფორმულას" შეხედულება იყო ის, რომ არ უნდა ვყოფილიყავი სხვა არხზე, არ ქონდა მნიშვნელობა ტელევიზიას, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და დავრჩი რუსთავი 2-ზე.
მომხდართან დაკავშირებით "ჩცდ-ს" პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ambebi.ge -სთან აცხადებს რომ - "პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ პერსონაჟები იქაც და აქაც იყვნენ დუბლირებული, რადგანაც ეს სხვადასხვა რამ არის. მათ პერსონაჟების შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არჩევანი გაეკეთებინათ და მათ დაგვტოვეს.
ასეთია არა მხოლოდ ჩემი, პროექტის შემქმნელების პოზიციაც, რომ სერიალის პერსონაჟების დუბლირება სხვადასხვა სივრცეში პერსონაჟს აზიანებს, პერსონაჟს, რომელიც ჩვენი სამყაროს ნაწილია, ჩვენთან შექმნილი და ჩამოყალიბებული".
სერიალი"ჩემი ცოლის დაქალები" შოთიკო ნოზაძესთან ერთად ქეთი ხუციშვილმა (ლუნა) და ზურაბ ნიჟარაძემ (მერაბ დარჩია) დატოვეს.