უთვალთვალებდა თუ არა მოსწავლე მასწავლებელს [video]

2019-09-30 00:51:24

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის დედა აცხადებს, რომ მასწავლებელი, რომელიც მის შვილს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ცრუობს. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5 საჯაროს სკოლის ყოფილ დირექტორს არსენ დემეტრაშვილს და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს.[ვიდეო/video]

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, "ინფო რუსთავის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში არსენ დემეტრაშვილი და მშობელი მის შვილს ცილს სწამებენ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლის უკონტროლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს, ასევე მშობლის ბრალდებაზე, გოგონას მხრიდან მოსწავლეებისთვის ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, #5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მუსიკის პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში მოათავსეს. ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა. 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები