მწერის ნაკბენთან დაკავშირებული პრობლემები ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
როგორც "ინფო რუსთავს" იმერეთის რამდენიმე სოფლიდან შეატყობინეს, დასავლეთ საქართველოს სოფლებში კრაზანების შემოსევაა. მწერის ეს სახეობა მოსახლეობას მოჭარბებული რაოდენობით როგორც საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ისე თვითონ სახლებშიც ხვდება. გაზრდილია დაკბენილი ადამიანების რიცხვიც.
საინფორმაციო სააგენტომ გადაწყვიტა თქვენთვის შემოეთავაზებინა რამდენიმე რჩევა, პროფესიონალების რეკომენდაციები, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კრაზანის ნაკბენი ან როგორ უნდა შევამციროთ საფრთხე, რომელიც აღნიშნულ ნაკბენის თან ახლავს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კრაზანა იკბინება მაშინ, როდესაც ადამიანი მასთან შედის კონტაქტში. გარდა ამისა, კრაზანას აღაგზნებს მძაფრი სურნელი: ალკოჰოლის, ოფლის, პარფიუმერიის, საპნის, ლოსიონების სუნი. მის გაღიზიანებას ასევე იწვევს ბრჭყვიალა ნივთები (ბეჭედი, საათი, სამაჯურები) და ფერადი ტანსაცმელი (მაგ: წითელი).
ნაკბენი უბანი როგორც წესი სივდება, რაც შიშის საფუძველი არ უნდა გახდეს. ეს არის ადგილობრივი, არაალერგიული რეაქცია. შეშუპებას ახლავს სიწითლე და ქავილიც. აღნიშნული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს უშუალოდ ნაკბენს, ან განვითარდეს მომდევნო რამდენიმე საათში. ჩვეულებრივ ამ დროს საჭირო არ არის სპეციალური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მიღებულ უნდა იქნეს გარკვეული ღონისძიებები, რომ რეაქცია იყოს შედარებით სუსტი. პრეპარატები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უშუალოდ კბენის შემდგომ, ესენია: ასპირინი, იბუპროფენი, დექსამეტაზონის ნემსი. ასევე ეფექტურია ცივი საფენების ნაკბენ უბანზე გამოყენება.
არსებობს შემთხვევები, რა დროსაც აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან დაკბენილი ადამიანის კლინიკაში გადაყვანა. აუცილებლობა ჩნდება ალერგიული რეაქციის დროს.
ალერგიულ რაქციას აქვს 4 დონე, გამოხატულების ინტენსივობის მიხედვით: 1-ლი დონე - ქავილი, სიწითლე და შესიება მთელს სხეულზე; 2-ე დონე - ამ სიმპტომებს დამატებული გულისრევა და ღებინება; 3-ე დონე - 1-ლი და/ან 2-ე დონის სიმპტომებს დამატებული სუნთქვის პრობლემები და/ან მოხრჩობის შეგრძნება; 4-ე დონე - 1-ლი, 2-ე და/ ან 3-ე დონის სიმპტომებს დამატებული გახშირებული გულისცემა, ცნობიერების დაკარგვა, ანაფილაქსია.
ტემპერატურისა და 1-ლი დონის სიმპტომების გამოვლენის დროს აუცილებელია ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ან ჰოსპიტალიზაცია და დაკვირვება. ღებინების და განსაკუთრებით 3-ე და 4-ე დონის სიმპტომების დროს საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.