2024-10-19 17:48:13რუსთავში, თბილისის ქუჩის N11 კორპუსის მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლიკა ღუღუნიშვილმა განუცხადა, რამდენიმე მეზობელი რამდენიმე მეზობლის თანხმობის არ არსებობის გამო ავარიული კორპუსის რეაბილიტაცია ვერ იწყება.
მისი თქმით, კორპუსში ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და აუცილებლად საჭიროა მისი გამაგრება/რეაბილიტირება, თუმცა 100% თანხმობის არ არსებობის გამო რეაბილიტაციის დაწყება ვერ ხდება.
"მერიამ გააკეთა პროექტი, რომელშიც 80 000 ლარი გადაიხადა და გამოყოფილი გვაქვს 3 000 000-მდე თანხა, რომ კორპუსი გაამაგრონ. ბინას ვერ გაამაგრებენ, თუ არ დაიცლება სრულად. მერიამ გვითხრა პირობები, ქირის ფულსაც შეგვპირდა, არ გამოდის ხალხი. 27 მოსახლეა კორპუსში და დაახლოებით 5 მოსახლეა უარზე. 5 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნინო ლაცაბიძეც იყო სამჯერ მოსული, აგვიხსნა რა, როგორ მოხდება. დაგვპირდა, რომ გაგვირემონტებს და ისე ჩაგვაბარებს, თუ რეაბილიტაციის დროს ბინა დაინგრა ახალაშენებულში მოგვცემს იგივე ფართს. მაგრამ ხალხს არ უნდა გამოსვლა.
ჩვენ კორპუსი არის 3 სადარბაზოიანი, შუა სადარბაზოს ეტყობა ბზარები, ნახეთქები. კიბეები ლამის ჰაერშია, იმხელა ნაპრალებია. შუა სადარბაზო უკვე გაყვანილი ვართ ქირით, პირველ სართულზე მოსახლეს კედელი გაუსკდა, მესამე სართულის აივანს გასძვრა ძირი და დაეცა მეორე სართულს. გადარჩა, რომ იმ დროს არავინ იმყოფებოდა აივანზე.
მერიაში გვქონდა საბოლოო შეხვედრა და მოგვცეს 10 დღის ვადა, თუ ჩვენ სრულად არ დავთანხმდით, კორპუსის რეაბილიტაციას აღარ გააკეთებენ. 5 თვეა უკვე ველოდებით და ვაპირებთ, რომ სარჩელი დავწეროთ და ვუჩივლოთ მეზობლებს, რომლებიც არ გამოდიან, რომ ჩვენს ბინაში შევძლოთ ცხოვრება, დღესდღეობით ვერ ვცხოვრობთ, რადგან შეიძლება მოვკვდეთ.
ყველაფერი იციან, მაგრამ არ აინტერესებთ, ჰგონიათ რომ ძალიან მყარ ბინაში ცხოვრობენ. მათ აქვთ მოშენებები და ამის გამო გაიხლიჩა სადარბაზოს შუა ნაწილი",- გვითხრა ლიკა ღუღუნიშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა იმ რამდენიმე ოჯახსაც, რომლებიც გამოსახლებაზე უარს ამბობენ.