რუსთავში, რუსთაველის N22-ში მუნიციპალურმა ინსოექციამ შლაგბაუმის დემონტაჟი განახორციელა.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, შემაფერხებლის აღება მათი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
"რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა, ყოველგვარი გაფრთხილების, ოქმის შედგენისა და ჩვენთვის გასაჩივრების უფლების დატოვების გარეშე, ყველანაირი წესის დარღვევით მოხსნა შლაგბაუმი რუსთაველის 22-ის ეზოდან!
დემონტაჟი მოხდა მაშინ, როცა არავინ იყო ეზოში. აღნიშნული ქმედება უპირისპირდება 24 ოჯახის, 100-მდე მაცხოვრებლის სურვილსა და უსაფრთხოებას!
თქვეების განმავლობაში პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად მერიასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვითხოვდით და ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდით, თუმცა, რუსთავის მერიამ პასუხიც არ გაგვცა და აირჩია ერთი სტომატოლოგიურის კერძო ბიზნეს ინტერესის მხარდაჭერა და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, სრულად დააიგნორა მაცხოვრებლების და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოება!
თუ დღეს რუსთაველის 22-ის შლაგბაუმი მოხსნეს, ხვალიდან რუსთავის ყველა შლაგბაუმს გაუკეთდება დემონტაჟი! თქვენი ეზოებიც ისევ უცხო მანქანების პარკინგად გადაიქცევა და თქვენი შვილების უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშ დადგება!", - ნათქვამია ბინათმესაკუთრეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული შლაგბაუმის გამო ბინათმესაკუთრეობასა და სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს შორის დავა მიდიოდა, "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
მერიაში აცხადებდნენ, რომ "რუსთაველის N20-სა და N22-ს შორის განთავსებული შლაგბაუმი არის საერთო სარგებლობის გზაზე. საჩივარი არის შემოსული რუსთაველის N20, ვინაიდან მოხდა გზის ჩაკეტვა მოსახლეობის მხრიდან, საჩივრის შემთხვევაში, არა მარტო რუსთაველის N22-ში, არამედ ნებისმიერ ადგილას მოხდება კანონის შესაბამისი მოქმედებები".