რუსთვაში, რუსთაველის ქუჩის N22-ის მცხოვრებლების თქმით, სამეზობლოს მიერ საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებულ შლაგბაუმს, დემონტაჟი ემუქრება.
კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები საკითხით დაინტერესებიდა და დახმარების თხოვნით რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა. როგორც მოქალაქემ განაცხადა, შლაგბაუმის გამო სამეზობლოსთან დავა კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს, კონსტრუქციის დემონტაჟსაც ბიზნესის მფლობელი ითხოვს.
"შლაგბაუმი დავაყენეთ ჩვენი ეზოს შემოსასვლელში, უსაფრთხოების მიზნით. ხშირად იყო მანქანების ისეთი მოძრაობა, რომ ბავშვებს უქმნიდა საფრთხეს. გვიჩივლა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, რომელსაც რეალურად არ ექმნება პრობლემა, რომ ბიზნესი აწარმოოს. ჩვენ დაგვემუქრნენ, რომ შლაგბაუმის დემონტაჟი მოხდებოდა, მაშინ, როდესაც რუსთავის ძალიან ბევრ უბანში, შლაგბაუმი არის დამონტაჟებული. როგორც გავიგეთ, უკანონოდ, რადგან ამ კონსტრუქციის მოწყობაზე თურმე არ გაიცემა რაიმე სახის ნებართვა. ვთხოვეთ საკრებულოს, შუამავლის როლი ეთამაშა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ზოგადად ქალაქში და რუსთაველის 22 ნომრის მაცხოვრებლებიც არ ვიყოთ უსამართლობის მსხვერპლი.
ჩვენივე ფინანსებით მოვაწყეთ შლაგბაუმი და საკმაოდ სოლიდური თანხაც დაჯდა, ამიტომ მისი დემონტაჟი რთული იქნება იქ მცხოვრები 24 ოჯახისთვის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის მცდელობა სტომატოლოგიურ კლინიკასთან, მაგრამ არცერთ მომენტში რეალური პრობლემა არ უთქვამთ, გარდა იმისა, რომ ექმნებათ შეფერხება ბიზნესის წარმებაში, რაც არის ტყუილი. სრული ადგილია დარჩენილი იმისთვის, რომ მანქანა მოვიდეს, გააჩეროს, შევიდეს მომხმარებელი სტომატოლოგიურში, მოვიდეს სადისტრიბუციო მანქანა, გააჩეროს და კლინიკაში შეიტანონ თავიანთი სამედიცინო საშუალებები.
ზედამხედველობის სამსახური მოვიდა ადგილზე და გვითხრეს, რომ 2 დღეში თუ არ აიღებთ, მოხდება ამისი დემონტაჟი. 2 დღე კი გავიდა, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ვიქნებით იმის მოლოდინში, რომ შეიძლება ვიღაცამ დემონტაჟი გააკეთოს ისე, რომ არ გაგვაფრთხილონ. ამის გამო გვინდა, რომ საკრებულოც ჩაერთოს", - აცხადებს ანა კიკაბიძე.
კლინიკის მფლობელის, ნინო ჩდუნელის თქმით, შლაგბაუმი ტერიტორიაზე მასთან შეთანხმების გარეშე დამონტაჟდა და ხელს უშლის ბიზნესის წარმოებაში.
"22 ნომერს აქვს ეზო, რომელიც იწყება მარჯვენა მხრიდან და არა აქედან. ეს არის თავისუფალი სივრცე. შლაგბაუმის დაყენებისთვის აუცილებელი იყო ჩემი ინფორმირებულობა და თანხმობა, რაღაც წინადადებით მაინც, რომ როგორმე შევჯერებულიყავით. მსგვასი რამ არ მოხდა.
პატრულიც მყავდა გამოძახბული რამდენჯერმე და განვაცხადე, რომ ეს შლაგბაუმი არის უკანონო და დააყენეს ჩუმად. ამაზე რაც განვაცხადე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათი მხრიდან ყველაფერი იყო და უბრალოდ ეს გასცდა ყველანაირ საზღვრებს.
ძალიან წინააღმდეგი ვარ, ხელს მიშლის. დისტრიბუცია მოდის და უფრო მეტი პრობლემა იქმნება აქ, ტრანსპორტის შემოსვლა, გასვლა, რუსთაველის ქუჩას კეტავენ, უკანა მხრიდან გადიან, ვერ ხერხდება ვერანაირი დისტრიბუცია. ნარჩენების გადაყრისთვის მოდის ჩემთან სამედიცინო კომპანია, ნარჩენები გააქვთ ყოველდღიურად და იმათაც ხელი ეშლებათ უზარმაზარი მანქანით. შემოდიოდნენ წყნარად, აყენებდნენ ჩვენს გაყოლებაზე, ეხლა ამის შესაძლებლობა არ არის, უშველებელი მიკროავტობუსი შემოდის და მერე უკან გადის. მეზობლები რომ ამბობენ, მანქანები შემოდიან აქ და ჩვენს ეზოს იყენებენ, ასე ხდება საქართველოში ყველგან", - აცხადებს მეპატრონე.