იმ სტუდენტების წრე, რომლებიც რუსთავის მერიისგან მგზავრობის დაფინანსებას მიიღებენ, გაფართოვდა.
თანხის ოდენობა უცვლელია, სტუდენტებს მგზავრობა თვეში 60 ლარით უფინანსდებათ, თუმცა, ამიერიდან ამ თანხის მიღებას სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირებიც შეძლებენ. ამ შემთხვევაში კი, სოციალური ქულა და აკადემიური მოსწრება განმსაზღვრელი არ იქნება.
"მოგეხსენებათ, ჩვენ სტუდენტებს ვუფინანსებთ მგზავრობის თანხას თბილისის მიმართულებით, გარკვეული ჯგუფის ადამიანებს და ამ პროგრამაშიც დაემატებიან სახელწმიფო ზრუნვიდან გასული პირები", - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ოთარ ტატალაშვილმა.
ტატალაშვილის თქმით, მათი მხარდაჭერის მიზნით, ცვლილებები სხვა პროგრამებშიც შევიდა.
"ეს ეხებათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ზრუნვაში 18 წლამდე არიან ადამიანები და უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, განათლებით, საცხოვრისით და ყველა სხვა საჭიროებით. შესაბამისად, უკვე ზრუნვიდან გამოსულ პირებს მხარდაჭერა სჭირდებათ. რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებობდა პროგრამა, რომელიც მათ გაძლიერებაზე იყო მიმართული და დღესაც არსებობს, თუმცა ამას დაემატა გარკვეული ტიპის მხარდაჭერები, როგორიცაა მათი ჩართვა სხვადასხვა, მუნიციპალიტეტში უკვე არსებულ პროგრამაში", - განაცხადა მერის მოადგილემ.
რაც შეეხება, წარჩინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების მგზავრობის დაფინანსების წესს, შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.