ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა - ამას ითვალისწინებს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი. ეს ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე აიტვირთა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.
მინისტრის ბრძანება:
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "სწავლის სფეროების კლასიფიკატორით" განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "სწავლის სფეროების კლასიფიკატორით" განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), რომელიც არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:
ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;
ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) და თავისუფალი კომპონენტები;
გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის მიხედვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.