ბათუმში საპროტესტო აქციის დროს 9 პირი დააკავეს

2023-07-31 11:12:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

"სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირია დაკავებული.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, -განაცხადეს შსს-ში.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული და მოწყობილია რკინის ჯებირები.

ფოტო: ბათუმელები

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები