ხალები თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაციაა. ხალებთან დაკავშირებით ,,ინფო რუსთვს” დერმატოლოგი - მერაბ ხვედელიძე ესაუბრა. დერმატოლოგის თქმით, ხალების წარმოქმნის მიზეზი და დანიშნულება დღემდე დაუდგენელია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ხალხში შიშს ხალის გადაგვარება იწვევს, განსაკუთრებით მისი მრავალჯერადი დაზიანების დროს. ხალის გადაგვარების საშიშროების შემთხვევაში, რეკომენდირებულია მისი მოშორება. ,,არსებობს ადგილები, მაგალითად სახე, წელი, სადაც ხალი ხშირად ზიანდება, რა შემთხვევაშიც, პაციენტს ვურჩევთ ხალის მოშორებას. სხვა მხრივ, ხალის ერთჯერადი დაზიანება, მაგალითად გაპარსვის, ან, ლაზერის დროს, საშიშროებას არ წარმოადგენს. ხალი თავისით არ ქრება, პირიქით, თუ ის ოდნავ ამოწეულია, ასაკთან ერთად იზრდება, ამიტომ მისი გადაგვარების საშიშოროების შემთხვევაში, სასურველია მისი მოშორება” - აღნიშნავს მერაბ ხვედელიძე. ექიმის თქმით, ხალის ცვლილება საყურადღებოა და შეიძლება სხვადასხვა ნიშნით გამოიხატოს. ,,ხალს ვაქცევთ ყურადღებას იმ შემთხვევავში, თუ ის იცვლის ფორმას, დიდდება, პაციენტი გრძნობს წვას, ჩხვლეტას, იმ ნიშნებს, რომლებსაც აქამდე არ გრძნობდა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ხალის მორფოლოგიური გასინჯვა და რაც უფრო ადრე მოშორდება ასეთი ხალი, მით უკეთესი” - ამბობს მერაბ ხვედელიძე. დერმატოლოგი აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში, ხალები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. ,,როდესაც ადამიანი მიდრეკილია ხალებისკენ, ყოველთვის ვურჩევთ, რომ ზაფხულის პერიოდში, თუ ის გადის მზეზე, გავიდეს დილისა და საღამოს საათებში და იხმაროს ფოტოდამცავი კრემი” - გვირჩევს მერაბ ხვედელიძე. დერმატოლოგი, ასევე სახეზე გაჩენილ ლაქებსა და მის გამომწვევ მიზეზებზეც გვესაუბრა. ,,სახეზე ლაქებს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ქალს შეიძლება ორსულობის დროს გაუჩნდეს და შემდგომში თავისით ალაგდეს, ლაქები შეიძლება იყოს აკნეს შემდგომი. ისინი იკურნება სპეციალური კრემების საშუალებით, რომლებსაც აქვთ ლაქების ამოყვანის უნარი” - აღნიშნავს მერაბ ხვედელიძე. ექიმის თქმით, ლაქები ტანზეც ჩნდება და ისინიც ასევე ექვემდებარება მკურნალობას. ,,ტანზე ლაქები შეიძლება იყოს ნაირფერი პიტირიაზი, რომლებსაც აღვიქვამთ როგორც ლაქებს. ამ დროს, ეს არის სოკოვანი დაავადება, რომელიც ასევე ადვილად იკურნება” - ამბობს დერმატოლოგი. დერმატოლოგი ასევე ლაქების ფერებს შორის განსხვავებას უსვამს ხაზს. ,,ლაქები შეიძლება იყოს მუქი პიგმენტაციის ან თეთრი ფერის. თეთრი ფერის შემთხვევაში, ვადგენთ ის ვიტილიგოა, თუ უბრალოდ თეთრი შეფერილობის ლაქა, რის შემდეგაც, შესაბამისად ვნიშნავთ მკურნალობას.” - აღნიშნავს მერაბ ხვედელიძე.