რუსთავში დასუფთავების გადასახადი გაიზარდა

2023-06-14 20:30:56

რუსთავში ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფი გაიზარდა.

მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს კენჭი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

ყოველთვიური გადასახადი ფიზიკური პირებისთვის 40-დან 80 თეთრამდე იზრდება. ოჯახი, სადაც 4-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დასუფთავების გადასახადს მხოლოდ ოთხი პირისას, 3 ლარსა და 20 თეთრს გადაიხდის.

დაწესებულებებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის სხვადასხვა ტარიფით განისაზღვრა.

როგორც რუსთავის მერის მოადგილემ, ბესო ტოგონიძემ საკრებულოზე განმარტა, გაზრდილი ტარიფებიდან შემოსული თანხა მომსახურების გაუმჯობესებასა და დასაქმებული პირების ხელფასების ზრდას მოხმარდება.

ტარიფის ზრდას მხარი არ დაუჭირეს საკრებულოში ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის“ წევრებმა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ნათია შელეგიამ განმარტა, მიზეზი იმ შენიშვნების გაუთვალისწინებლობა იყო, რომელიც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ.

"კერძო სექტორთან მიდგომა სხვადასხვანაირი იქნება: ზოგიერთთან მოხდა გადასახადის გაორმაგება, გასამმაგება, გაოთხმაგება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რიგ შემთხვევებში, მოხდა არსებული ტარიფის შენარჩუნება.

რუსთავის მერიას კითხვაზე, თუ რომელი კრიტერიუმების გათვალისწინებით  მოახდინა მერიამ ამ გადასახადის არათანაბარი ტარიფებით განსაზღვრა და განაწილება  - პასუხი დღემდე არ გაუცია.

ასევე, არ გაუმართავს ადგილობრივი გადასახადის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონით  
განსაზღვრული, სავალდებულო საჯარო განხილვები ფიზიკურ პირებსა და კერძო სექტორთან.

დღემდე არ აქვთ მინიმუმ სამ წლიანი ფინანსური გაანგარიშება და მოსალოდნელი შემოსავლის შემდგომი ხარჯვის გეგმა, რასაც მოვითხოვდით რომ წარმოედგინა მერიას.
თუმცა ამჯერად, ნაციონალურმა მოძრაობამ, რუსთავის მერიასა და ქართულ ოცნებასთან ერთად, უგულებელყო ყოველივე ზემოაღნიშნული და მხარი დაუჭირა ამ დადგენილების მიღებას ქალაქში, რაც მათი უმრავლესობით დამტკიცდა
",- აცხადებს ნათია შელეგია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები