სკოლა "მილენიუმის" დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა [photo]

2023-06-03 20:19:43

რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" 17-კაციანი დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა.

ქალაქ აიდინში ათათურქისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-სპორტულ ფესტივალზე 13 მოსწავლე და 4 პედაგოგი გაემგზავრა.

ვიზიტი 1 კვირა გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, "მილენიუმელები" მასპინძელი კოლეჯის მოსწავლეების ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად.

სკოლაში ამბობენ, რომ ეს 7 დღე სხვადასხვა ღონისძიებითა და გასვლითი ტურებით იყო დატვირთული.

მაგალითისთვის, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, "მილენიუმელებმა" სელჩუკთან ახლოს კერამიკის საწარმოო სალონი დაათვალიერეს, ეწვივნენ ეფესოსთან ახლოს წმინდა მარიამის სახლს, სადაც ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მონაწილეობა მიიღეს მხიარულ სტარტებში, რომელიც აიდინის ცენტრალურ პარკში ჩატარდა და სხვა. 

რუსთავთან ერთად, ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან იყვნენ სტუმრები მიწვეული.

ფესტივალში მონაწილეობა "მილენიუმმა" დამეგობრებული სკოლის, აიდინის კოლეჯის ინიციატივით მიიღო.

"ეს აიდინში მილენიუმის  რიგით მეორე ვიზიტია. აიდინის კოლეჯის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩვენთან. ამგვარი ურთიერთობები ფასდაუდებელია მოსწავლეთა განვითარებისათვის", - აცხადებენ სკოლაში.

ახალგაზრდობისა და სპორტის ფესტივალი, რომელიც ათათურქის ინიციატივით, 1938 წლიდან ემთხვევა თავად ათათურქის ხსენების დღეს, რაც, თავის მხრივ, თურქეთისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, აიდინში ყოველწლიურად ტარდება.