"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მაგისტრალი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მედიასთან და არასამთთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთაველებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად და მწვავედ უნდა დადგეს.
"რაც შეეხება გზას, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას უფრო გააძლიერებს, მე ვფიქრობ უპირველესი გზა, რაზეც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ, ჩართულები ვართ, ეს არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ მაგისტრალი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
გვქონდა და კიდევ გვექნება შეხვედრები. იცით, რომ იქ არის მოსახლეობის პრობლემა, უარს ამბობენ განსახლებაზე და ეს პროცესი სწორედ ამის გამო შეჩერდა. ჩვენ გვინდა რომ საკითხი კიდევ უფრო აქტიურად, კიდევ უფრო მწვავედ დავაყენოთ რუსთაველებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველ დილით ეკონომიკური საქმიანობისთვის, განათლებისთვის მიდიან თბილისში და უკან ბრუნდებიან.
ამასთან, ეს არ არის მხოლოდ რუსთავის საკითხი, ეს არის ქვემო ქართლის ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, სამედიცინო და სხვადასხვა სერვისების მისაღებად მნიშვნელოვანი. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეგიონის ჭრილში ეს გზა არის აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებელი. უახლოეს მომავალში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა და ამის შემდეგ მეტი დეტალი იქნება ჩვენთვის ცნობილი", - განაცხადა ლაცაბიძემ.
აქვე უნდა აღინიშნოს ფონიჭალის მცხოვრებლების პოზიციაც. მოსახლეობა მუდმივად აჟღერებს, რომ სიცრუეა, თითქოს მათი მიზეზით ჩაიშალა განსახლებაზე მოლაპარაკებები და სწორედ ამის გამო შეწყდა ავტობანის მშენებლობა.
თავის მხრივ, მოქალაქეებმა "ინფო რუსთავთან" არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კომუნიკაციის გასაგრძელებლად.