რუსთავის "ხარებმა" საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" ზღვისპირეთში სენსაციურად, 29:5 დაამარცხა და ბონუს-ქულაც აიღო.
ამ წარმატების შემდეგ "ხარები" 26 ქულით ლიდერ "აიას" გაუტოლდნენ და მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩებიან.
სტუმრები პირველი ტაიმის შუაში მოლის შემდეგ ლევან ჭავჭავაძის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. 29-ე წუთზე ზღვისპირელებმა მოლი შეაჩერეს და ფორვარდების დარტყმასაც გაუმკლავდნენ, თუმცა შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ბაქარ ზედგინიძემ უპირატესობა გამოიყენა. გიორგი ელოშვილმა გარდასახა - 0:12.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლევან ჭავჭავაძემ მოლის შემდეგ დუბლი შეასრულა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და საკუთარ გუნდს 22-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. 68-ე წუთზე, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, კობა ჯიმშელეიშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა "ხარებმა" ბონუსის დაკარგვა აღარ ინება, გაწითლებულ დროზე, მიუხედავად ბოჭვისა, ლევან ნარიმანიძემ 5 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:5.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი ლევან ჭავჭავაძე გახდა.