"ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე, ამ გჭირვებაში, პრობლემებში რატომ ხარჯავთ თანხებსო. ქალაქში ახალი წელი უნდა იყოს, ბავშვებმა უნდა იგრძნონ ის სილაღე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, წელს რუსთავში "ოდნავ განსხვავებული ახალი წელი იქნება".
"ინფო რუსთავის სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობდი და მინდა ვთქვა, რომ მე შარშან, დეკემბერში, როდესაც ახალი წელი ახლოვდებოდა, სწორედ მაშინ შევუდექი საქმიანობას, რის გამოც, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით ჩართვა, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა იმიტომ, რომ ახლა მაისიდან გვაქვს დაწყებული ჯგუფის შეკვრა და იქ რაღაც სამუშაოები. მახსოვს, როგორ გვაკრიტიკებდნენ მაშინ, ბოლო დღეს აგენთოთ ქუჩები, ახლა გაგახსენდათ რომ ახალი წელიაო?
წელს გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ მოდი ის დღეები, რომელიც უნდა გავალამაზოთ ჩვენს ქალაქში, ცოტა უფრო გავახანგრძლივოთ, არ იყოს 25 დეკემბრიდან და ვთქვათ იყოს დეკემბრის დასაწყისიდან. ვკითხულობდი კომენატრებს და ძალიან გავოცდი, კალენდარი აერიათ, ჯერ რა დროს ახალი წელიაო. რეალურად, ვემზადებით ტექნიკურად იმისთვის, რომ მოვასწროთ ყველა დეტალის დამონტაჟება, რაც გვაქვს ჩაფიქრებული.
ბიუჯეტი ამ ყველაფრისთვის დიდი არ გვაქვს და ვერ მივეცით თავს უფლებას, ბევრი გამოწვევის, ბევრი პრობლემის ფონზე, ახალი წლისთვის განსაკუთრებული თანხები გაგვეთვალისწინებინა. თუმცა, გუნდის მხარდაჭერით, ბიზნესის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ, რომ ის საახალწლო განწყობა შევქმნათ, რომელიც მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი შვილებისთვის და პატარებისთვის. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ასე ელოდებიან ქალაქში ახალ წელს. ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე, ამ გჭირვებაში, პრობლემებში რატომ ხარჯავთ თანხებსო. ქალაქში ახალი წელი უნდა იყოს, ბავშვებმა უნდა იგრძნონ ის სილაღე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ვფიქრობთ, რომ წელს ოდნავ განსხვავებული და ლამაზი ახალი წელი გვექნება", - განაცხადა ნინო ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.